თეგი: ანრი ოხანაშვილი

ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებაზე 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ - ანრი ოხანაშვილი

„ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით: „ნაციონალურ მოძრაობას“ დააგვიანდა, მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო „ქართული ოცნების“ გუნდმა. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი“. ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ასევე, შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ ღია ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც შესაძლოა თქვენ ინტერესი გქონდეთ, თუმცა ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე". უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე ხელმოწერას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა. განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში ჯოზეფ ბორელს ესაუბრა. „მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - აცხადებს დავით ზალკალიანი. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

აშშ-ის საელჩო, „ტვ1“-ის დამფუძნებელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი „რუსთავი2“-ისთვის მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.   

თეა წულუკიანი: მმართველი გუნდის წევრებს შეურაცხყოფის ატანა მუდმივად უწევთ

"მმართველი გუნდის წევრებს მუდმივად უწევთ შეურაცხყოფის ატანა", -  ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოში დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და "TV პირველის" დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან კომენტარში. "ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ვართ მუდმივი თავდასხმის, შეურაცხყოფის ქვეშ. აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. მოთმინებით ვართ 10 წელია დაკავებული და არის ხანდახან, ადამიანი ხარ, ვერ მოითმინო. თუმცა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე, იმიტომ რომ ისინი, ვინაიდან არიან ჩიხში მომწყვდეულები, ყველაფერზე წავლენ", - თქვა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, "TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ გუშინ, 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.  

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ამასთან, შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული. „უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება

"ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. "ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება. სავარაუდოდ, ამერიკის საელჩო ჩაერთვება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ჩააერთონ პროცესში", - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლებიც იმუშავებენ – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.  

დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის. „ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პირველ შეხვედრებს, პრაქტიკულად, დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრები, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებთან და ისინი სრულად საქმის კურსში არიან როგორ წარიმართება პროცესი. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ. დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები ვინც ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ. ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. "დეოლიგარქიზაციის", სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების შესახებ სამუშაო ჯგუფებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს , ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების ( აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.~ 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც არის დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული მოდელის ანალოგი. მისივე თქმით, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისია დასკვნას წარმოადგენს. ოხანაშვილის განმარტებით, ინიცირებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს. „ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოვისმენთ მოსაზრებებს, თუ იქნება შემოთავაზება დამსწრე წევრების მხრიდან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ეს სამუშაო ეტაპი ამოწურული იქნება, ვინაიდან კანონპროექტს წარვადგენთ. კომიტეტი დღესვე იმსჯელებს კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განხილვებს, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც გვექნება ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უნდა წარმოადგინოს უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფართო კონსენსუსით მივაღწიოთ ცვლილებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები საინტერესო იქნება. ჩვენ ობიექტურ საზომად აღებული გვაქვს ევროპული სტრუქტურების მხრიდან ის მიდგომა, რომლებმაც პრაქტიკულად მოიწონეს უკრაინული მოდელი. ერთადერთი ქვეყანაა უკრაინა, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ამ კანონთან დაკავშირებით ევროპულმა სტრუქტურებმა გამოთქვეს ინტერესი და უკრაინას ჩაუწერეს, რომ აუცილებელია ამ კანონის იმპლემენტაცია და ფართოდ გავრცელება. ეს არის ჩვენთვის ობიექტური საზომი, რომ თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან აღნიშნული კანონი მოწონებულია, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებაშიც ეს პუნქტი შესრულებადია ამ კანონის მიღებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. „სახელების და გვარების შემოთავაზება სწორედ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ხდებოდა და არა მხოლოდ, რაც არის ნონსენსი, რომ რომელიმე კანონი სახელებზე და გვარებზე იგებოდეს. ასე არ ხდება. ეს დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯია. ჩვენ ამ კანონპროექტში ყველა ის კრიტერიუმი გვაქვს გადმოტანილი, რომელიც მოცემულია უკრაინულ მოდელში. ამ კრიტერიუმებით საუბარია მედიაზე გავლენაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გავლენაზე, ასევე, საუბარია მონოპოლისტურ საქმიანობაზე და საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე. ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამი საკმარისია, რომ პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული. უკრაინა საპრეზიდენტო ქვეყანაა და პირების ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ჩვენს პროექტში ერთადერთი ობიექტური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ასეთ ოფიციალურ უწყებად შემოთავაზებული გვაქვს პარლამენტი. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. „ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე არ არის საუბარი და არავითარ შემთხვევაში რაღაც სტიგმატიზირებით და ნეგატიური კონტექსტით. არცერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, სხვა საკითხებს, მეორე მოსმენის ფარგლებში, გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ პრინციპებით ჩვენ გთავაზობთ, მხარი დავუჭიროთ ორივე კანონპროექტს. ასევე ორივე კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან, ვიმსჯელოთ შემდგომ საკითხებზე. კომიტეტზე დამსწრეთა მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ორივე პროექტი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა. მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა. შარლ მიშელი: მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება, 2023 წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ „ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ევროსტრუქტურების შეფასება. მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ადასტურებს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც. ეს ნიშნავს, რომ თუ იმ ქვეყნებს მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველო ამ სტატუსს აქამდეც იმსახურებდა, მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა. დარჩენილ პუნქტებზე მუშაობა დასრულდება და ველოდებით დამსახურებაზე დაფუძნებით შეფასებას და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 2022 წლის თებერვალში უკრაინამ წევრობაზე განაცხადი ომის ფონზე გააკეთა. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ივნისში ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ მიიღებს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, საკვები მიიღოს, იქნება ეს თხევადი თუ სხვა ფორმით, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს - ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიზანმიმართულად არ სურს, რომ გამოჯანმრთელდეს. „ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და პაციენტზე ზრუნვის ინტერესი. ამ კლინიკის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საკვები და შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამაზე მიზანმიმართულად უარს ამბობს. სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არიან პოლიტიკურად მიკერძოებული და დაკავშირებული სააკაშვილთან, ისინი არათუ ხელს უწყობენ, რომ ამ ადამიანმა საკვები მიიღოს, არამედ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ჯანსაღი აზრი, კონკრეტული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის კომპეტენტური აზრი, რომელიც ამბობს, რომ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, იქნება ეს თხევადი თუ სხვა ფორმით, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს. ამას ჰქვია თვითდაზიანება განზრახ და მიზანმიმართულად. ერთადერთი, რაც მან უნდა გააკეთოს, საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ საკვები მიიღოს. ხელისუფლება ვალდებულია, რომ პატიმრის უფლება დაიცვას და მას შესაბამისი სერვისი შესთავაზოს, სახელმწიფოს მხრიდან ეს შესაძლებლობა არსებობს და ახლა უკვე დარჩენილია მისი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი მიზანმიმართულად არ დააზიანოს,"- განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, მოკვლევა ჩაატაროს და გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება მოკვლევა ჩაატაროს და გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი. "ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არ ცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება ანუ გასაჩივრდება და გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

მმართველმა გუნდმა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულად გამოაცხადა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრისას განაცხადა, რომ  საარჩევნო ბარიერის საკითხი არის დახურული და არ განიხილება. „ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ. ერთი მხრივ, გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ. საარჩევნო ბარიერი დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება. ჩვენ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ. კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ იმსახურებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში და ვინ არა. შესაბამისად, საკითხი, რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო ბარიერი არის დახურული, დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება," - განაცხადა ოხანაშვილმა. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს და შეასრულოს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები. ირაკლი კობახიძემ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დღეს, 13 ნოემბერს, კითხვას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება. „ირაკლი კობახიძის დაპირება, როდესაც იყო ბარიერთან დაკავშირებით, მაშინ რომ მიეცათ სტატუსი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას. არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა კახა კალაძემ. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პირობის შეუსრულებობაში ადანაშაულებს.  

რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება

მმართველი გუნდი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. პარლამენტში სპეციალური განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში იქნება ინიცირებული. ოხანაშვილის განცხადებით, ​მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას. როგორც მან განმარტა „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საკითხის შესწავლა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.). ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს). შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება," - განაცხადა ოხანაშვილმა. სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო

ანრი ოხანაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა განცხადებას, რომ პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა მედიასაშუალების ბევრ წარმომადგენელს არ მიეცა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, სხვა მედიასაშუალებების კორესპონდენტებს კი, საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე. „ტყუილია! თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“ - განაცხადა ოხანაშვილმა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას. განხილვის დროს, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანრი ოხანაშვილი სადავო კანონპროექტის განხილვისას „ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები." შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.  ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით